დღეს მასტერ ლიგის ახალი სეზონი იწყება - ახლად ჩამოყალიბებულ ნაკრებს უკრაინულ ტურნირზე ახალკაცი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
დღეს 2021 წლის მასტერ ლიგის სეზონი იწყება. ჩემპიონატში 18 გუნდი ლიგის პრინციპით მიიღებს მონაწილეობას. საერთოდ, ამ სახეობაში ბევრი მნიშვნელოვანი სიახლეა.
18:00 საათზე თბილისის ლიგის სეზონი აიღებს სტარტს. ჩემპიონატი ცენტრალური მატჩით გაიხსნება – თბილისის მასტერ ლიგის ორგზის გამარჯვებული სსპს საქართველოს მასტერ ქაფის ბოლო გათამაშების გამარჯვებულს, „ინტერსპორტს“ იმედის სტადიონზე (მუშტაიდის ბაღის გვერდით) დაუპირისპირდება. დღის მეორე შეხვედრაში 19:00 საათზე, ფეხბურთის ფედერაციის გუნდი „გრასრუტი“ „ბასიანს“ შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თბილისის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და ჯამში რეგისტრირებული გუნდების რაოდენობამ დედაქალაქის მასშტაბით 56 გუნდი შეადგინა, რომლებიც სამ ლიგაში იქნებიან გადანაწილებული (მასტერ ლიგა, (მასტერ ლიგა 2 და მასტერ ლიგა 3).
პირველად ისტორიაში ჩამოყალიბდა საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები, რომელიც მიწვეულია უკრაინაში საერთაშორისო ტურნირზე – გუნდი 28 მაისს უკრაინის ნაკრებს შეხვდება, 29 მაისს – რუმინეთს, ხოლო 30 მაისს – მოლდოვას. გუნდის მთავარი მწვრთნელი კობა ახალკაცია, რომელმაც ნაკრების გაფართოებული სია დაასახელა.
მასტერ ლიგის ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი კაჭრეთში ამბასადორის გუნდთან გამართა და ეს დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 5:5 დასრულდა.