კახა კალაძე „მასტერ ლიგის“ მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
კახა კალაძე „მასტერ ლიგის“ მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „მასტერ ლიგის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან იმედი გამოთქვა, რომ ტურნირში წელსაც ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული.

„ბევრი ყოფილი ფეხბურთელი მონაწილეობს ამ ტურნირში და ბედნიერი ვარ, რომ ამ ტურნირის დაფუძნების თანამონაწილე ვარ. საქართველოში განსაკუთრებით უყვართ ფეხბურთი და იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ, დაკავდნენ სპორტით, აღნიშნული ტურნირი ამის ძალიან მაგარი შესაძლებლობაა. წლიდან წლამდე ეს ტურნირი ძალებს იკრებს და დარწმუნებული ვარ, წელსაც ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთიანი ძალისხმევით, ახალი თაობა დაინახავს, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებსა და სპონსორებს.

„მასტერ ლიგის“ მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დედაქალაქის მერი, უკვე მეორედ, მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, კახა კალაძე წლევანდელი „მასტერ ქაფის“ საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ „მასტერ ლიგების“, ასევე, „მასტერ ლიგა 3“-ის, „მასტერ ლიგა 2“-ის, „მასტერ ლიგა 1“-ის, „თბილისის მერიის თასისა“ და „მასტერ ქაფის“ ტურნირების მონაწილე საუკეთესო ფეხბურთელები და გუნდების მენეჯერები, მათ შორის თბილისის მერიისა და მერიის უსაფრთხოების სამსახურის გუნდებიდან.

7×7 ფეხბურთის ასოციაცია, უკვე მეექვსე წელია, ორგანიზებას უწევს 7×7 საფეხბურთო ჩემპიონატებს, რათა ხელი შეეწყოს ფეხბურთის ამ სახეობის პოპულარიზაციას, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, პროფესიონალური, ნახევრად პროფესიონალური და სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბებას.