ფრე მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე - ტურნირზე პირველი ქართული გოლი კიკნაძემ გაიტანა #1TVSPORT
ფრე მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე - ტურნირზე პირველი ქართული გოლი კიკნაძემ გაიტანა #1TVSPORT

საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო შეხვედრა გამართა და პირველი ქულა მოლდოვასთან მოიპოვა – 1:1.

მასტერლიგის მუნდიალი 7/7-ზე ფორმატით ტარდება, სადაც წინ 6 მოთამაშეა, ტაიმები კი 20-წუთიანია. საქართველოს ნაკრებმა ასეთი დონის ტურნირზე პირველად ითამაშა. ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი ჯგუფში ბელგიასთან და ბრაზილიასთან ერთნაირი ანგარიშით დამარცხდა 0:1, დღეს კი პირველი ქულა მოიპოვა.

დასკვნითი მატჩი გუნდმა მოლდოვას ნაკრებთან გამართა და თავიდან მდევრის როლში იყო. ანგარიში მე-10 წუთზე ვიტალიე ტონუმ გახსნა. ამის შემდეგ მატჩი საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ შექმნილი მომენტებიდან გუნდმა მხოლოდ ერთი გამოიყენა.

მე-19 წუთზე მოლდოვას ნაკრების მცველმა ქართველი შემტევი საჯარიმოში წააქცია და მეტოქის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი კიკნაძემ გამოიყენა და პირველი ქართველი გახდა, ვინც მუნდიალზე გოლის გატანა მოახერხა.

25 წლის ფეხბურთელი, გიორგი კიკნაძე უმცროსი საქართველოს ნაკრების და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველის შვილია. იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო, თბილისის „ლოკომოტივის” თავდამსხმელი და ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. სამწუხაროდ, გიორგი კიკნაძემ გაუთავებელი ტრავმების გამო დიდი კარიერა ვერ აიწყო და ახლა მასტერლიგაში თამაშობს. საქართველოს ნაკრებმა კი ამ შეხვედრით ბუდაპეშტში გამოსვლა დაასრულა.