საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.
წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა.
წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოკვეთეს. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.