ევროპარლამენტში კენჭს უყრიან დოკუმენტებს, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც არის საუბარი
დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭს უყრიან საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ 2020 წლის ანგარიშებს. დოკუმენტებში საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
კერძოდ, საერთო საგარეო და უსაფრთხების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულების მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს პარტნიორების სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ცხელი კონფლიქტების ზონების გავრცელებისა და გაყინული კონფლიქტების გამო ევროკავშირის ახლო სამეზობლოში. ამას გარდა, ევროპარლამენტი შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული სახელმწიფოების კუთვნილი ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით.
ასევე, ევროპარლამენტი გმობს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის წინააღმდეგ, მის ნეგატიურ როლს გაყინულ კონფლიქტებში და ზეწოლას ევროკავშირის მეზობლებზე, ასევე საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. დოკუმენტის ავტორია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.
საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ 2020 წლის ანგარიშში კი ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო სამართლის დარღვევით კვლავ ოკუპირებული აქვთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები და კვლავ განთავსებულები არიან მოლდოვის რესპუბლიკაში. სვენ მიქსერის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას. ევროპარლამენტი ასევე შეშფოთებულია აღმოსავლეთ სამეზობლოში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაციული კამპანიების გამო.