დღეს, ელონ მასკი მსოფლიოში ყველაზე დიდი რაკეტით თავის ავტომობილს მარსზე გაგზავნის
დღეს, ელონ მასკი მსოფლიოში ყველაზე დიდი რაკეტით თავის ავტომობილს მარსზე გაგზავნის

ელონ მასკი უკვე მზადაა, რათა საკუთარი წითელი სპორტული ავტომობილი მარსის ორბიტაზე გაუშვას.

დღეს, 6 თებერვალს, NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრის ასაფრენიდან, პირველად ისტორიაში, კომპანია SpaceX თავის რაკეტა Falcon Heavy-ს გაუშვებს.

რაკეტა, რომელიც უდიდესი და უმძლავრესი სისტემაა მათ შორის, რაც კი ოდესმე შეუქმნია SpaceX-ს, თან წაიღებს მასკის კუთვნილ, 2008 წელს გამოშვებულ ავტომობილ Tesla Roadster-ს.

ეს გაშვება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ნათლად გამოჩნდება, თუ როგორ შეუძლია ამ კომპანიას ერთ მშვენიერ დღესაც, კოსმოსში გაიყვანოს ადამიანები და გაიტანოს სხვადასხვა სახის ტვირთი.

„წითელი მანქანა წითელ პლანეტას“, — დაწერა მასკმა Twitter-ზე გასული წლის დეკემბერში.


როგორც მასკმა არაერთხელ აღნიშნა, არსებობს დიდი შანსი, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილას მისვლამდე, Falcon Heavy აალდეს და დაიწვას.

მაგრამ თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდა, მასკის ძველი მანქანა ირბენს მზესა და მარსს შორის, ე. წ. ჰიპერბოლურ ორბიტაზე.

„მარსის ორბიტაზე მილიარდობით წლის განმავლობაში მოძრაობისას, ავტომობილში ჩართული იქნება დევიდ ბოუის სიმღერა Space Oddity“, — თქვა მასკმა დეკემბერში.

გუშინ, მასკმა გამზადებული მანქანის ფოტოც დაპოსტა, რომელშიც მანეკენი მძღოლი ზის.

SpaceX-ის Falcon Heavy-ის სისტემამ ერთ მშვენიერ დღეს, მარსზე შეიძლება წაიღოს 17 000 კგ ტვირთი, დაახლოებით 14 ავტომობილი Tesla Roadster-ი. ეს კი ძალიან ხელსაყრელი იქნება, თუკი მასკი ოდემსე შესძლებს ადამიანების გაგზავნას წითელი პლანეტის კოლონიზაციისთვის.

ძირითადი განსხვავება Falcon Heavy-სა და სხვა სარაკეტო სისტემებს შორის, მდგომარეობს ორ რამეში: არის გაცილებით დიდი და იაფი.

70 მ სიგრძის Falcon Heavy-ს სისტემა ეყრდნობა სამ ხელახლა გამოყენებად რაკეტა-მატარებელს, რომელთაგან თითოეული შედგება კონუსის ფორმის ცხრა ძრავისგან. რაკეტა-მატარებლების სისტემათა უმეტესობისგან განსხვავებით, ეს გამშვებები ერთჯერადი არაა.

წარმატების შემთხვევაში, რაკეტა-მატარებლები ტვირთს ცაში უშვებენ, შემდეგ ეხსნებიან, ხმელეთზე ჯდებიან და მზად არიან შეკეთებისა და ხელახლა გამოყენებისთვის. სხვა ტრადიციული სისტემების რაკეტები როგორც წესი, ერთჯერადი გამოყენების შემდეგ, ან ოკეანეში ვარდება, ან ხმელეთზე, ანდაც ატმოსფეროში იწვება.

ხელახლა გამოყენებადი ახალი სისტემა SpaceX-მა პირველად 2017 წლის მარტში გატესტა, რაკეტა Falcon 9-ით. მრავალჯერადი გამოყენების კომპონენტების წყალობით, Falcon Heavy-ს ფასი მხოლოდ 90$ მილიონია, კონკურენტების ფასის მესამედი.

ახალი სისტემის კიდევ ერთი მშვენება, რა თქმა უნდა, მისი სიმძლავრეა. ისტორიაში ერთადერთი რაკეტა, რომელმაც კოსმოსში Falcon Heavy-ზე მეტი ტვირთი წაიღო, იყო სატურნ V, რომელიც 1960-1970-იან წლებში NASA-მ შექმნა და გამოიყენა მთვარეზე აპოლოს მისიებისათვის.

SpaceX-ის ცნობით, რაკეტა Falcon Heavy-ის შეუძლია წაიღოს 2,6-ჯერ მეტი ტვირთი, ვიდრე ეს აშშ-ის შატლის პროგრამამ შესძლო.

გასულ კვირას, გამშვებ პუნქტში SpaceX-მა Falcon Heavy გამოსცადა — პირველი ნიშანი, რომ კომპანია თითქმის მზად იყო დღევანდელი ისტორიული მოვლენისთვის. მაგრამ კომპანიის შეფმა კარგად იცის, რომ ყველაფერი შეიძლება არც ისე კარგად დასრულდეს.

„დანიშნულების ადგილია მარსის ორბიტა. თუკი მიახლოებისას აფეთქება არ მოხდა, ის ღრმა კოსმოსში მილიარდობით წლის განმავლობაში დარჩება“, — დაწერა მასკმა Twitter-ზე.
სხვა კოსმოსური გიგანტები მასკს წარმატებულ გაშვებას უსურვებენ.

ამაზონის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა, რომელიც ასევე ფლობს კოსმოსურ კომპანიას, გუშინ მასკს წარმატება უსურვა. Blue Origin-ის ბოსს მასკი Twitter-ზე კოცნის გაგზავნით გამოეპასუხა.

SpaceX-ის Falcon Heavy-ს გაშვების პროცესს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირ ეთერში. ისტორიული მოვლენა თბილისის დროით 22:30-დან 01:30 საათის შუალედში განხორციელდება.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით