ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში რამდენიმე საათში BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ნომინანტებს შორის, ოქროს გლობუსის აღების შემდეგ, მექსიკელი რეჟისორი გილერმო დელ ტოროა ფილმისთვის „წყლის ფორმა“. დელ ტოროს ნამუშევარს „ბაფტასგან“ ყველაზე მეტი 12 ნომინაცია ერგო. წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინანტთა შორის მოხვდა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი სალი ჰოუკინსი. ამავე კატეგორიის ნომინანტია ფრენსის მაკდორმანდი ფილმში „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“ შესრულებული როლით. ოქროს გლობუსის ტრიუმფატორი ფილმი ამჯერად „ბაფტას“ 9 ნომინაციაზეა წარდგენილი. 8-8 ნომინაცია შეხვდათ რიდლი სკოტის „სამართებელზე მორბენალ 2049“-ს და კრისტოფერ ნოლანის „დიუნკერკს“. უინსტონ ჩერჩილის შესახებ გადაღებულ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, გარი ოლდმანი 4 კონკურენტთან ერთად მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებს.
წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტულისთვის იბრძოლებს ბრიტანელი მსახიობი დენიელ დეი ლუისიც. პოლ თომას ანდერსონის ფილმში შესრულებული მთავარი როლი დენიელ დეი ლუისის უკანასკნელი სამსახიობო ნამუშევარია.
დღეს სამეფო ოპერის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს ელოდებიან. საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან პრინცი უილიამი და ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი.