დღეს, 22:00 საათზე საქართველოს პირველ არხზე პოპულარული მეგაშოუ „შარქ თენქ საქართველო“ იწყება
საქართველოს პირველ არხზე იწყება ოთხი Emmy-ისა და სხვა მრავალი სატელევიზიო ჯილდოს მფლობელი, SONY Pictures-ის პოპულარული მეგაშოუ „შარქ თენქ საქართველო“, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მეგაშოუ 2009 წლიდან დღემდე ტელეკომპანია „ეი-ბი-სის“ პრაიმტაიმში გადაიცემა. პროექტის ლიცენზირებული ანალოგი „შარქ თენქ საქართველო“ საქართველოს პირველ არხზე დღეიდან გავა ეთერში. ეს იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შექმნილი ახალი პლატფორმა, რომელიც ბიზნესს ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს და პანდემიურ პერიოდში ქართული ინვესტიციის განხორციელებას წაახალისებს.
სხვადასხვა სფეროში წარმატებული ბიზნესმენები, ანუ ე.წ. შარქები კონკურსანტების საინტერესო შეთავაზებებს მოისმენენ; ხოლო ვისთან გადაწყვეტენ თანამშრომლობას, ამას მაყურებელი ეთერში ინტელექტუალური და ძალიან აზარტული რეალითი შოუს ფორმატის საშუალებით მიადევნებს თვალს.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ თავად იდეა არის ძალიან აქტუალური, რადგანაც უკავშირდება პანდემიურ გარემოს, ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო და არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი.
„ბევრი ვიფიქრეთ, როგორ შეიძლებოდა, დავხმარებოდით მოსახლეობას ჩვენი კომპეტენციის, ტელეინდუსტრიის ფარგლებში. ეს არ არის მხოლოდ ტელეშოუ, არის საჭიროებაზე მორგებული გადაცემა, რომელიც მოქალაქეებისთვის რამდენიმე კომპონენტს მოიცავს – საგანმანათლებლო, რომ აღძრას ინტერესი, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი მისია და შემდეგ გააგრძელოს ამის კეთება; მეორე – ეს არის რეალური დაფინანსება, რადგან ჩვენს პროექტში არ იქნებიან მონაწილეები შოუსთვის, იმისთვის, რომ უბრალოდ, მაყურებელი გაერთოს; ეს არის ნამდვილად დაფინანსებული პროექტები და იდეები, რომლებიც შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ან გადაფასდეს ავტორის მიერ; მესამე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურ წინსვლასაც ხელი შევუწყოთ. გაბედო, გადადგა ნაბიჯი, გქონდეს მოტივაცია, უკეთესი გახდე და გახადო, რასაც პირველი არხი თავისი პროდუქტით ცდილობს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
პროექტში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. რეგისტრაციის პარალელურად, პირველი არხის მენეჯმენტი „სტენლი შოუსთან“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და „ბიზნესპარტნიორთან“ ერთად კანდიდატებთან შეხვედრებს რეგიონებში მართავდა. დაინტერესებული პირებისთვის მეგაშოუს სპიკერებმა საინტერესო დისკუსიები გამართეს და პრეზენტაციები ჩაატარეს. პროექტის მონაწილე ინვესტორები, ანუ ე.წ. შარქები: პავლე მგელაძე, ქეთი ქვარცხავა, სოსო ფხაკაძე, მენი ბენიში, დაჩი ჭოლაძე და ნუცა აბრამიშვილი SONY Pictures-ის სტანდარტის შესაბამისად შეირჩნენ.
500 აპლიკანტიდან საუკეთესო 50 გამოვლინდა და ჯამში მილიონ-ნახევარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. სხვადასხვა სატელევიზიო პროექტს საქართველოს პირველი არხი უკვე რამდენიმე წელია, გარე წარმოების სტუდიებთან თანამშრომლობით ამზადებს.
„შარქ თენქ საქართველოს“ წარმოებაზე პოპულარულმა აუთსორს-კომპანია „სტენლიმ“ იმუშავა, რომელსაც წარმატებული პროექტების, მათ შორის გადაცემების, ფილმებისა და ვიდეორგოლების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია „სტენლის“ ხელმძღვანელი ირაკლი ჩხიკვაძე აცხადებს, რომ მაყურებელს უმაღლესი დონის შოუ ელოდება.
„პირველი არხის დაკვეთით, კომპანია „სტენლი“ აკეთებს პროექტს „შარქ თენქ საქართველო“. ძალიან რთული და საინტერესო პროექტია. ეს არის „სონის“ პროექტი და დიდი სიამოვნება იყო ამ უმსხვილეს კომპანიასთან ერთად მეგაშოუზე მუშაობა. უდიდესი გამოცდილება და ხარისხის უმაღლეს დონეზე აწევა იყო. უამრავი ეტაპი გავიარეთ, ბევრი ვიმუშავეთ და მგონია, რომ ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ, რასაც მაყურებელი ნახავს და შეაფასებს“, – აცხადებს ირაკლი ჩხიკვაძე.
„შარქ თენქ საქართველო“ პირველი არხის ეთერში ოთხშაბათობით, 22:00 საათზე, საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ დასრულებისთანავე გავა ეთერში.