დღეის მონაცემებით, სოციალური დახმარების მისაღებად 810 ათასი ბავშვის განაცხადია რეგისტრირებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით, სახელმწიფო ატარებს როგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების კონკრეტულ ღონისძიებებს და ქმედით ნაბიჯებს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელებისა და რისკების მართვით. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს თითოეულ 18 წლამდე ბავშვზე 200 ლარიან დახმარებას, თუმცა აქ იყო გარკვეული ტექნიკური შესაძლო პრობლემები, რომლებიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, სოციალური დანარიცხი, რომლესაც მიიღებენ მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად მიმართული. ასე რომ, უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად. ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად, არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სოციალური დახმარება, რომელსაც ბავშვები მიიღებენ, ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი დახმარებაა, რაც არა ერთი კვლევით არის დადასტურებული.
„15 სექტემბერია და ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, სწავლის სასწავლო კლასებში განახლების შესაძლებლობა გვაქვს, რაც მნიშვენლოვანია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ოჯახებისთვის. ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ ეს პროგრამა გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა დაიწყება პირველი სექტემბრიდან. შესაბამისად, გაგრძელდება წლის ბოლომდე, ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში, უკვე პირველ დეკემბრამდე.
მნიშვნელოვანია, რომ დღეის მონაცემებით, შემოსულია 810 ათას ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 ათას ოჯახს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი სოციალური დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთობლივად გადავწყვიტეთ. ეს დასტურდება უამრავი სხვადასხვა კვლევით და რაც, პირველ რიგში, მიმართულია, კრიზისის პირობებში, მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, მიმართულა ჩვენი მოქალაქეების, ოჯახების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა გახარიამ.