დღეის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, 740-მდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
30 აგვისტოს მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 740 ტონამდე, სხვადასხვა ჯიშის, ძირითადად საადრეო ყურძენი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 100-ზე მეტი კომპანია, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
„გადამუშავებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე wine.gov.ge შეეძლება.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ ერთ კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. ერთი კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კგ რქაწითელზე და ერთ კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.
„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამასთან, ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 შეუძლია“,- აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.