„თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციულ) აბონენტებს ბუნებრივი გაზის ტარიფი 11 თეთრით შეუმცირდათ, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე, 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
„შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო (კომერციულ) მომხმარებელს.
აქვე, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი კვლავ 0.539708 ლარია.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.