ქუთაისის აეროპორტში რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განახლდა
6-თვიანი პაუზის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩაფრინდა.
„აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორი, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ორგანიზებულად საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განმარტავენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზად არის, რეგულარული ავიარეისების მიღება „კოვიდ-19“ პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს.