მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარები საქართველოს მთავრობასთან ელექტროსადგურებზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარები საქართველოს მთავრობასთან მოდინებაზე არსებულ ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმებას დღეიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
„აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ არაუმეტეს იმ ფიქსირებული ტარიფისა, რომელიც განისაზღვრა თითოეული კატეგორიისთვის მეორე სიმძლავრის აუქციონზე.
მედიანური ტარიფები შემდეგია: მოდინებაზე არსებული ჰესები – 6,5 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ, მზის ელექტროსადგურები – 5,6 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ, ქარის ელექტროსადგურები – 6.0 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ.
აღნიშნული ინიციატივა წაახალისებს დარგში ინვესტიციებას და კიდევ უფრო გაზრდის სექტორით დაინტერესებას“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.