გერმანიაში მარიხუანას ნაწილობრივი ლეგალიზაციის შესახებ კანონი ძალაში შევიდა
დღეიდან გერმანიაში მარიხუანას ნაწილობრივი ლეგალიზაციის შესახებ კანონი ძალაში შევიდა.
როგორც გერმანული „დოიჩე ველე“ წერს, მარიხუანა ამოიღეს ნარკოტიკების შესახებ კანონით გაწერილი აკრძალული ნივთიერებების სიიდან. შესაბამისად, მისი გარკვეული რაოდენობით შენახვა და მოყვანა კანონით დაშვებული იქნება.
სურულწლოვანს ექნება უფლება, თან ჰქონდეს 25 გრამამდე მარიხუანა, ან კანაბისი, ან სუფთს ჰაშიში. სახლში დაშვებული იქნება 50 გრამის შენახვა.
ამას გარდა, დაშვებული იქნება საკუთარ ბაღში, პირადი მოხმარებისთვის სამი ძირი მარიხუანას მოყვანა. თუმცა ამისთვის აუცილებელი იქნება სხვა მებაღეებთან ერთად ე.წ. მარიხუანას მოყვარულთა კლუბში გაწევრიანება და ადგილობრივი მთავრობისგან მარიხუანას შენახვისთვის და მოყვანისთვის საჭირო ნებართვის მიღება. ეს კლუბები იქნება ორგანიზებული კოოპერატივების პრინციპით, თუმცა არ იქნებიან ორიენტირებულები მოგებაზე. ფაქტობრივად, ამ კლუბების წევრები მარიხუანას ერთმანეთს მიჰყიდიან. თვეში ერთ ადამიანს შეეძლება 50 გრამამდე მარიხუანას შეძენა.
ახალი წესების მიხედვით, დღეიდან მარიხუანას მოწევა გერმანიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაშვებული იქნება. თუმცა მისი მოხმარება აკრძალული იქნება სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, სათამაშო მოედნებიდან, ახალგაზრდული და სპორტული კლუბებიდან 200 მეტრის რადიუსში. ასევე კანონით აკრძალული იქნება მარიხუანას მოწევა სატრანსპორტო საშუალების საჭესთან.
თუ პოლიცია მოქალაქეს 25 გრამზე მეტ მარიხუანას ან მის ბაღში დარგულ სამ ძირზე მეტ მცენარეს აღმოუჩენს, მაშინ პირი დაისჯება სამ წლამდე პატიმრობით ან ფულადი ჯარიმა დაეკისრება. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, თუ დამტკიცდება, რომ აღნიშნული პირი მარიხუანით ვაჭრობს, მას, შესაძლოა, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც დაემუქროს.
ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს იმ პირთა რეაბილიტაციასა და ნასამართლეობის გაუქმებას, რომლებიც იმ სამართალდარღვევებისთვის იყვნენ გასამართლებული, რაც ახალი კანონით აღარ ითვლება დანაშაულად.