დღეიდან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერები წარდგებიან. ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინაში დაგეგმილ ღონისძიებებში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში 70-ზე მეტი ლიდერი, 30 ქვეყნის მთავრობის მეთაური და 20 საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. წელს გაერო-ს ასამბლეა ჰიბრიდულ, ანუ ნახევრად დისტანციურ რეჟიმში იმართება.
უმაღლესი რანგის სტუმრების მიერ განსახილველ თემებს შორის იქნება „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები, მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური თემები.
პირველ დღეს სტუმრებს სიტყვით მიმართავენ თურქეთის, მექსიკის, სამხრეთ კორეისა და პოლონეთის პრეზიდენტები.
სიტყვით გამოვა აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, რომელიც 22 სექტემბერს ვირტუალურ ფორმატში გამართავს სამიტსაც, რომლის მთავარი თემა პანდემიასთან ბრძოლა იქნება.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განხილვის კიდევ ერთ თემად ავღანეთში შექმნილი სიტუაცია სახელდება. საერთაშორისო თანამეგობრობა მსჯელობს, როგორ უნდა დაეხმაროს ავღანელ ხალხს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლიდერები ისაუბრებენ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებულ უსაფრთხოების პაქტს ეხება. ამ შეთანხმებას მკაცრად აკრიტიკებს საფრანგეთი, რომლის პრეზიდენტიც ასამბლეის მონაწილეებს არ მიმართავს. მაკრონის ნაცვლად გაერო-ში სიტყვით გამოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი.
გაერო-ს ასამბლეაზე დისტანციურად წარდგება ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისიც.
ამასთან, დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ნიუ იორკში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, გაერო-ს შენობასთან მიახლოება კი მხოლოდ აკრედიტაციის მქონე პირებს შეუძლიათ.
ამასთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე 24 სექტემბერს არის ჩანიშნული.