დღეიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარის 300 000-დან 400 000 ლარამდე გაზრდის შესახებ
დღეიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის ფინანსური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 300 000-დან 400 000 ლარამდე გაიზარდა.
ახალი რეგულაციით, თუ მსესხებელს შემოსავალი ლარში აქვს და მისი ჯამური ვალდებულებები 400 000 ლარზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში კრედიტორს სესხის გაცემის უფლება მხოლოდ ლარში აქვს.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ყველაზე დროულს უწოდებს.
„ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები შემცირებულია, ლარში მიმზიდველობა მაღალია, უცხოურ ვალუტაში კი, გლობალურად გამკაცრებული საპროცენტო განაკვეთების შედეგად, საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია. ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც ველით, რომ მსესხებლებს ნაკლები ტვირთი შეექმნებათ“, – განაცხადა დავით უტიაშვილმა.
აღსანიშნია, რომ, ბოლო მონაცემებით, სავალუტო სესხების წლიური პორტფელი დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, რაც სებ-ის გადაწყვეტილების შედეგად უნდა შემცირდეს.
უტიაშვილის შეფასებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დედოლარიზაციას. მისივე განმარტებით, მიუხედავად მნიშნელოვანი პროგრესისა, დოლარიზაცია ქართული ფინანსური სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და სასესხო პორტფელის 45 პროცენტს შეადგენს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. საკრედიტო აქტივობა კი მდგრად დონეზეა.
„დოლარიზაცია ბოლო წლებში დაახლოებით 20 პროცენტით შემცირდა, მსესხებლების რაოდენობა 140 000-დან 40-მდეა შემცირებული. პროგრესი მნიშნელოვანია, მაგრამ პორტფელის მნიშნელოვანი ნაწილი, 45 პროცენტი ჯერ კიდევ დოლარიზებულია. ქვეყნის ფინანსური სისტემის პოზიტიური დინამიკის ფონზე ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას აგრძელებს“, – აღნიშნა დავით უტიაშვილმა.