დღეიდან 22 აგვისტომდე, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდება
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 125 კმ-ზე, მდინარე „თერგზე“ არსებულ სახიდე გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, გზის ამ მონაკვეთზე, 2019 წლის 19-22 აგვისტოს, ყოველდღე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მოძრაობა საპატრულო პოლიციის ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.
რუსეთიდან საქართველოში სატვირთო მანქანების გადაადგილების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის მთავარი სამმართველოც ავრცელებს. მათი განმარტებით, სატვირთოების მოძრაობის აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღეს. სხვა ტიპის ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება.
“11:00 საათიდან 13:00 საათამდე (მოსკოვის დროით) პერიოდში, ოთხი დღის განმავლობაში 19-დან 22 აგვისტომდე, დიდი ტევადობის სატვირთოების მოძრაობა, ქალაქ ვლადიკავკაზისა და დასახლებულ პუნქტ ლარსის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, აკრძალული იქნება. გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე გზის საფარის სარემონტო სამუშაოების გამო და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციის საფუძველზე იყო მიღებული”, – ნათქვამია განცხადებაში.