დღეიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას შეუძლია, აუქციონის ფორმით პრივატიზებული ქონების მფლობელებს საინვესტიციო პირობები შეუცვალოს
დღეიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას შეუძლია, აუქციონის ფორმით პრივატიზებული ქონების მფლობელებს საინვესტიციო პირობები შეუცვალოს.
შესაბამისი ცვლილებები „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
დადგენილებას დაემატა მეორმოცე მუხლი, რომელშიც ნათქვამია:
„2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია, საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, არა უგვიანეს 2021 წლის პირველი იანვრისა, მიმართოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ.“
ცვლილებები, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 8 მაისს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.