დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
თბილისში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამჯერად დეზერტირების ბაზრის ტერიტორიისა და მიმდებარე ქუჩების დეზინფექცია მოხდა. მასშტაბური მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა მიხეილ წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.
„მთელი ქალაქის მასშტაბით ვაგრძელებთ დაგეგმილ სამუშაოებს სადეზინფექციო მიმართულებით. დღეს კონკრეტულად ეს არის დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. დეზერტირების ბაზრის ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები სრულად იქნება დამუშავებული სადეზინფექციო ხსნარებით. ეს სამუშაოები ზოგადად გაგრძელდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც და მთელი ქალაქის მასშტაბით ჩატარდება ანალოგიური სამუშაოები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი.
„კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით დიდუბის რაიონში ცენტრალური და შესასვლელი ქუჩების დეზინფექცია უკვე მეორედ კეთდება. აქ არის აგრარული ცენტრალური ბაზარი და ამ ტერიტორიის მორეცხვას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რისთვისაც მადლობა „თბილსერვისის“ თანამშრომლებს და ქალაქის მერს. როგორც მეუბნებიან, არამარტო ვირუსთან პრევენციის მიზნით, არამედ ისედაც გაგრძელება მიმდებარე ტერიტორიის რაც შეიძლება ხშირად მორეცხვა, რადგან მთელი ქალაქის მასშტაბით მოსახლეობა აქ იყრის თავს და ძირითადად კვების პროდუქტებით მიმდინარეობს ვაჭრობა. დიდუბის მოსახლეობის სახელით, კიდევ ერთხელ ვიხდი მადლობას“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 70 ქუჩაზე ჩატარდება.
სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.