დევნილთა და ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით დღეიდან განაახლებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, თანამშრომლებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მისაღებ ცენტრში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის პროცედურის გავლის შემდეგ. დამონტაჟდება მინის ბარიერები და დაცული იქნება ორმეტრიანი დისტანცია.
„25 მაისიდან ასევე სრულად აღდგება კორონავირუსის გავრცელების გამო დროებით შეჩერებული მონიტორინგისა და დაკანონების ჯგუფების სამუშაო ვიზიტები. თხოვნით მივმართავ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ხელი შეუწყონ ჩვენი სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის განხორციელებაში“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.