დევნილთა სააგენტოს დირექტორი თბილისსა და ქუთაისში დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი კომპლექსების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული 2 400 ოჯახისთვის განკუთვნილი 11 კორპუსი შენდება. მშენებლობა მაისში დაიწყო და ორი კორპუსის კარკასი უკვე დასრულებულია. 720 ოჯახი განსახლდება ქუთაისში – ნიკეას ქუჩაზე, სამი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ივნისიდან მიმდინარეობს და უკვე დასრულებულია ერთი კორპუსის კარკასის მშენებლობა.
სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება და დათქმულ ვადებში დასრულდება.
ზურაბ უტიაშვილი ქუთაისში იმ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა, რომლებსაც ბინები მიმდინარე წელს გადაეცათ – რამდენიმე თვის წინ ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 480-მა ოჯახმა მიიღო.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, განსახლების მასშტაბური პროგრამა 2022 წელს დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2025 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 ოჯახს დააკმაყოფილებს. აქედან, 7 000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება“, – აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.