დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეიძენს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 700-ზე მეტი განაცხადი, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 401 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.
დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 3-თვიანი ვადა ეძლევათ. დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა ჩაუტარდება.
მხოლოდ 2019 წელს, სახელმწიფომ სახლი 1 050 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა. ჯამში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, 4000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.