დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 160-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა და ეკომიგრანტები ამ სასიკეთო ცვლილებით ისარგებლებენ.
„ეკომიგრანტ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებლის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს“, – აღნიშნა ბესარიონ სიმონიშვილმა.
უწყების ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სააგენტომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 600-ზე მეტი ოჯახი განასახლა. ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა 2022 წელსაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.