დევნილთა სააგენტო - 2024 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართი 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებული ოჯახების ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხი და მასშტაბური, ოთხწლიანი განსახლების გეგმა განიხილეს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კონსულტანტმა ჯაბა სირბილაძემ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მიმდინარე კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა და მათი ინიციატივები მოისმინა.
მისი განცხადებით, 2024 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართი 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.
ჯაბა სირბილაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახების მიმართ გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება, რაც 2022 წლის განმავლობაში მათთვის საცხოვრებელი ფართებით უპირობოდ დაკმაყოფილებას გულისხმობს. ასევე, ძალაშია შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ, დროებით, ქირით ისარგებლონ, ხარჯებს კი სახელმწიფო დაფარავს.
ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.