დევნილთა ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
დევნილთა ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქეთა კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ორ პირს დაუკავშირდა, მოიპოვა მათი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა ისინი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დახმარებით, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში გადასცემდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა საერთო ჯამში 3 500 აშშ დოლარს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.