დევნილს, რომელმაც გორში აქციაზე თვითდაზიანება მიიყენა, სამედიცინო დახმარება გაეწია
დევნილს, რომელმაც გორში აქციაზე თვითდაზიანება მიიყენა, სამედიცინო დახმარება გაეწია

დევნილს, რომელმაც გორის საკრებულოს შენობასთან აქციაზე თვითდაზიანება მიიყენა, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დევნილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებს აპროტესტებენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.

ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი 436 დევნილ ოჯახს გადაეცემა, განაცხადი კი 1150 ოჯახმა შეავსო. გორში დევნილთა და განსახლების მინისტრის სამი მოადგილე მუშაობს და საკითხს ადგილზე სწავლობს.

აქციის მონაწილეები შენობაში იმყოფებიან და სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.