დევნილი ოჯახებისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხზე კომისიამ მუშაობა დაიწყო
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის საკითხზე მუშაობა დაიწყო.
დევნილთა სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, კომისია 500-მდე დევნილი ოჯახის განაცხადს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს.
კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა მიეცემათ.
„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. კომისიის სხდომები ყოველთვიურად გაიმართება.
2022-2024 წლებში, სააგენტო სოფლად სახლს იძულებით გადაადგილებულ 5 000 ოჯახს შეუსყიდის.