დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების გადაცემის მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, 120 ბინა ნაწილდება.
„დევნილი ვეტერანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სპეციალურ პროექტს ვახორციელებთ. ამ ეტაპზე, კომისია 120 ბინის განაწილების საკითხს განიხილავს, საიდანაც 60 ზუგდიდში, 60 კი ქუთაისში მდებარეობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განსახლების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
კომისიის პირველ სხდომას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ესწრებოდა. კომისია მუშაობას ორ კვირის ვადაში დაასრულებს, რის შემდგომაც იმ ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.