დევიდ კრამერი - მე, წლებია, ვამბობ, რომ დროა, ივანიშვილი პასუხისგებაში მიეცეს და კვლავ ასე მიმაჩნია
მე, წლებია, ვამბობ, რომ დროა, ივანიშვილი პასუხისგებაში მიეცეს და კვლავ ასე მიმაჩნია, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა.
კრამერის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე ორი თვით ადრე სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლისთვის კანონს არ გამოიყენებს.
„რამდენადაც მე მესმის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა უმეტესობა ამ კანონის გათვალისწინებით არ აპირებს რეგისტრაციას. მთავარი კითხვა იქნება, რას გააკეთებს ხელისუფლება ამ სიტუაციაში. მე, სამწუხაროდ, ოპტიმისტურად არ ვუყურებ, რომ მთავრობა სათანადო რეაგირებას მოახდენს. იმედი მაქვს, რომ ისინი არ გამოიყენებენ კანონს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლისთვის, განსაკუთრებით არჩევნებამდე ორი თვით ადრე. ასე რომ, ამას ძალიან ახლოდან დავაკვირდებით. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატები წინ წაწევს დამატებით ზომებს, რომლებიც მოცული იქნება ინდივიდუალური სანქციებით, ფინანსური სანქციებით ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ნაკლებად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მსგავს ზომებს მიიღებს. ვისურვებდი, რომ ევროკავშირი ამას აკეთებდეს.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ეს გააკეთოს. მათ განაცხადეს, რომ შეაჩერეს კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკების პროცესი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ვნახავთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ასეთი ზომები აუცილებელია. ეს არ არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არსებულ ვითარებაზე“, – განაცხადა კრამერმა.
დევიდ კრამერმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არაკონსტრუქციულ როლს ასრულებს.
„უპირველესად, ვფიქრობ, ბატონი ივანიშვილი ძალიან არაკონსტრუქციულ როლს ასრულებს. მისი კომენტარები, რომ აშშ „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილია, სასაცილო და შეურაცხმყოფელია იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-მა საქართველოს ექვს-ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია, რასაც მე სრულად ვუჭერ მხარს. იმის თქმა, რომ ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“, მაშინ როცა რუსეთი თქვენი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს, აბსურდულია. „გლობალური ომის პარტია“, თუ ასეთი არსებობს, მოსკოვშია და არა – ვაშინგტონში. ასე რომ, ვფიქრობ, მისი როლი ძალიან არაკონსტრუქციული იყო. ივანიშვილის კომენტარები ძალიან არაკონსტრუქციულია. მე, წლებია, ვამბობ, რომ დროა, ის პასუხისგებაში მიეცეს და კვლავ ასე მიმაჩნია. მე არ მიხარია ამის თქმა. მე მიყვარს ეს ქვეყანა, მიყვარს აქ ჩამოსვლა. ხალხი არაჩვეულებრივად მეგობრული, სტუმართმოყვარე, გულუხვი და თბილია, მაგრამ არ მინდა, ვხედავდე, როგორ მიჰყავთ ინდივიდებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ, ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით. მე არ მახარებს სანქციებზე საუბარი. რთულია აშშ-ისთვის სანქციების დაწესება ქვეყნისთვის, რომელთანაც ასეთი ფასეული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს ურთიერთობა ფასეულია, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნა კრამერმა.