დევიდ ქემერონი ბრექსიტის საკითხზე განმეორებით რეფერენდუმს არ გამორიცხავს
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ბრექსიტთან დაკავშირებით განმეორებით რეფერენდუმს არ გამორიცხავს, – ამის შესახებ დევიდ ქემერონმა ბრიტანულ გამოცემა „თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დევიდ ქემერონმა პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების გამოსასწორებლად საუკეთესო საშუალება ევროკავშირის დატოვების შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარებაა.
როგორც ინტერვიუში დევიდ ქემერონმა განაცხადა, 2016 წელს რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელი იყო, რადგან ამ გზით ხელისუფლებამ ბრიტანელების პოზიციის შესახებ გაიგეს.
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა. გამოკითხვის შედეგებით ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელების უმეტესობას ევროპული გაერთიანების დატოვება სურდა.
გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. თუმცა ოფიციალურ ბრიუსელსა და ლონდონში შორის მიღწეულ შეთანხმებას ბრიტანელი კანონმდებლები შეეწინააღმდეგნენ, ამის გამო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა. მისი ადგილი ბორის ჯონსონმა დაიკავა. ბრიუსელმა კი, ბრექსიტის თარიღი გადაავადა.