დევიდ ქემერონი - აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისრაელის ოპერაციის დასრულების შემდეგ ღაზის მომავალზე ფიქრი
დევიდ ქემერონი - აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისრაელის ოპერაციის დასრულების შემდეგ ღაზის მომავალზე ფიქრი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის, თუმცა, ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისრაელის ოპერაციის დასრულების შემდეგ ღაზის მომავალზე ფიქრი.

მისივე თქმით, აუცილებელია კონკრეტული გეგმის დასახვა, თუ რა მოხდება ოპერაციის დასრულების შემდეგ და როგორ შეიძლება, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო მომავალი როგორც ისრაელისთვის, ასევე პალესტინელი ხალხისთვის.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ არა მხოლოდ ღაზაში მცხოვრებთათვის საჭირო დახმარების მიწოდება, არამედ ვიფიქროთ მომავალზე ამ სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ. ჩვენი შეხვედრა იყო იმაზე, თუ როგორ დავსახოთ გეგმა იმის შესახებ, რა მოხდება ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ და როგორ უზრუნველვყოთ უსაფრთხო მომავალი როგორც ისრაელისთვის, ასევე პალესტინელი ხალხისთვის. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად ამის მისაღწევად“, – განაცხადა ქემერონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის შესაძლებელია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა, ქემერონმა აღნიშნა, რომ ეს წარმოუდგენლად რთულია, თუმცა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს მოხდეს.

„როდესაც მიდიხარ ისრაელში და ესაუბრები ხალხს ამის შესახებ, ეს ყველაფერი ძალიან შორს გეჩვენება, რადგან ისრაელი 8 ოქტომბერს და ისრაელი 6 ოქტომბერს სრულიად განსხვავებულია, თუმცა, საბოლოო ჯამში, თუ თქვენ ისრაელის მეგობარი ხართ, ისრაელისთვის უსაფრთხოება ნიშნავს არა მხოლოდ ძლიერ თავდაცვას, არამედ ეს ნიშნავს გამოსავლის პოვნას,სადაც პალესტინელი მეზობლებიც იცხოვრებენ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და ღირსეულად და, საბოლოო ჯამში, ეს უნდა ნიშნავდეს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტად. ახლა ეს წარმოუდგენლად რთულია, თუმცა ჩვენ უნდა დავგეგმოთ და უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი, თუ რა მოხდება ისრაელის ოპერაციის დასრულების შემდეგ“, – აღნიშნა ქემერონმა.