დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს უფლება, დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენოს
დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს უფლება, დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი უკრაინას სამი მილიარდი ფუნტის ოდენობის ყოველწლიურ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება.

ქემერონის განცხადებით, უკრაინას აქვს უფლება, დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენოს და დასძინა, რომ ეს კიევის გადასაწყვეტია.

„ჩვენ მივცემთ სამ მილიარდ ფუნტ სტერლინგს ყოველწლიურად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ, უბრალოდ, ამოვწურეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო აღჭურვილობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ქემერონმა „როიტერთან“ საუბრისას.

ამასთან, დევიდ ქემერონი შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ბრიტანელი დიპლომატი მიესალმა აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას და აღნიშნა, რომ ეს მორალური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.