დევიდ ო’სალივანი - ჩვენ არ გვსურს ჩარევა საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგიტიმურ სავაჭრო ურთიერთობებში, ეს ქართული ბიზნესისა და მთავრობის საკითხია
დევიდ ო’სალივანი - ჩვენ არ გვსურს ჩარევა საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგიტიმურ სავაჭრო ურთიერთობებში, ეს ქართული ბიზნესისა და მთავრობის საკითხია

საქართველო ახორციელებს ყველა საჭირო ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ იყოს გამოყენებული, როგორც სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა, – ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დევიდ ო’სალივანის თქმით, საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას, რომ ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.

„საქართველო ახორციელებს ყველა საჭირო ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ იყოს გამოყენებული, როგორც სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გაგრძელებს ამ ძალისხმევას. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ კომენტარს არ ვაკეთებ ინდივიდუალურ სანქციებზე. ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ წევრ ქვეყნებს ერთობლივად“, – განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.

ამასთან, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლმა აღნიშნა, „ჩვენ არ გვსურს ჩარევა საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგიტიმურ სავაჭრო ურთიერთობებში“.

„ეს ქართული ბიზნესის და მთავრობის საკითხია. ჩვენი შეშფოთება მოიცავს სასანქციო პროდუქტებს და, კერძოდ, იმ პროდუქტებს, რომლებიც, შესაძლოა, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ იყოს გამოყენებული და გაუზარდოს რუსეთს უდანაშაულო უკრაინელების დახოცვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ო’სალივანმა.

დევიდ ო’სალივანის განცხადებით, დელეგაცია, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, კმაყოფილია მონიტორინგის სისტემებით, რომლებსაც საქართველო იყენებს, რათა უზრუნველყოს, რომ აკრძალული პროდუქტები არ აღმოჩნდეს რუსეთში.

„მე გავიმეორებ იმას, რაც 38 კომპონენტთან დაკავშირებით ვთქვი. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ შემოწმებისა და მონიტორინგის სისტემებით, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს, რათა უზრუნველყოს, რომ ეს პროდუქტები არ აღმოჩნდეს რუსეთში ამ ქვეყნიდან“, – განაცხადა ო’სალივანმა.