დევიდ ონდრაჩკა - ანდრეი ბაბიში ბოროტად იყენებს პოლიტიკურ თანამდებობას, რომ უფრო მეტი ფული მიიღოს ბიუჯეტიდან, ჩეხებს მობეზრდათ მთავრობის მეთაურის ასეთი ქცევა
დევიდ ონდრაჩკა - ანდრეი ბაბიში ბოროტად იყენებს პოლიტიკურ თანამდებობას, რომ უფრო მეტი ფული მიიღოს ბიუჯეტიდან, ჩეხებს მობეზრდათ მთავრობის მეთაურის ასეთი ქცევა

ჩეხეთში საპროტესტო აქციები არ წყდება. გასულ კვირას პრაღის ქუჩებში 120 ათასზე მეტი ადამიანი ითხოვდა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის გადადგომას. ევროკავშირის აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ჩეხეთის მთავრობის მეთაურის კუთვნილმა კომპანიებმა ევროკავშირის ფონდებიდან სოლიდური თანხა მიიღო. ევროკავშირის ჩეხეთის პრემიერ-მინისტრისგან 17 მილიარდი ევროს უკან დაბრუნებას ითხოვს. პრაღაში გამართული აქციების შესახებ ამ მიტინგების ერთ-ერთ მონაწილეს, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობისჩეხეთის ოფისის აღმასრულებელ დირექტორს, დევიდ ონდრაჩკას ვესაუბრეთ.

 რას ითხოვენ პრაღის ქუჩებში შეკრებილი დემონსტრანტები და რამ გამოწვია ასეთი მასშტაბური საპროტესტო ტალღა?

ჩეხეთში ისე მოხდა, რომ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ოლიგარქი პრემიერ-მინისტრია. ის არის დომინანტი ფიგურა პოლიტიკურ ასპარეზზე. ანდრეი ბაბიში აკონტროლებს მედიას. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, მისი ბიზნესი დიდწილად  სახელმწიფო ფონდებზეა დამოკიდებული. ახლა ის ბოროტად იყენებს პოლიტიკურ თანამდებობას, რათა უფრო მეტი ფული მიიღოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სწორედ ამიტომ არის ხალხი გაბრაზებული. ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ჩეხებს მობეზრდათ მთავრობის მეთაურის ასეთი ქცევა.

ანდრეი ბაბიში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც პრემიერ-მინისტრი კორუფციაში ამხილა. შეგიძლიათ უფრო მეტი დეტალი გვითხრათ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შესახებ?

ამ საქმეში მკაფიოდ და ნათლად გამოიკვეთა, რომ პრემიერ-მინისტრი არღვევს კანონს. ჩვენ გადავწყვიტეთ,  სასამართლოში წამოგვეწყო დავა. საჩივრით მივმართეთ ჩეხეთის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელს და ევროკომისიას. ბაბიშის კომპანიები არ უნდა იღებდნენ მილიარდობით დოლარს ევროკავშირის ფონდებიდან და არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ევროკომისიამ ინტერესთა კონფლიქტი უკვე დაადასტურა. ბრიუსელმა დაადგინა, რომ ბაბიშმა ფული უნდა დააბრუნოს.

თქვენ ახსენეთ სასამართლო დავა. რა სტადიაზეა ეს პროცესი?

ბაბიშის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე საქმეა აღძრული. ნაწილი სახელმწიფო ფონდების არამიზნობრივ და უკანონოდ ხარჯვას ეხება. ნაწილი ინდივიდუალურად მთავრობის მეთაურისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელთა მართვაშიც მონაწილეობენ ბაბიშის ოჯახის წევრები. ამ საქმეზე ბაბიში სასამართლოს წინაშე ძალიან მალე წარდგება. ეს დრამატული ამბავია და საერთაშორისო ასპარეზზე ჩეხეთის რეპუტაციაზე აისახება, რაც შეეხება სახელმწიფო ფონდებიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, ეს ადმინისტრაციული კანონდარღვევაა. ამ შემთხვევაში ჩეხეთის სახელმწიფო ინსტიტუტებმა და ევროკომისიამ უნდა იმუშაონ დაგადაწყვიტონ, ჰქონდათ თუ არა უფლება ბაბიშის კომპანიებს ამ ფულის მიღების უფლება. ახლა ველოდებით საბოლოო ვერდიქტს.

რა რაოდენობის თანხაზე ვსაუბრობთ?

საუბარია 6 მილიარდ ჩეხურ კრონაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად იღებს. თუ ევროში გადავიანგარიშებთ, ეს არის 200 მილიონი ევრო წელიწადში. ეს ევროპისთვის უპრეცედენტოა. ამხელა თანხა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის საქმეშიც კი არ ფიგურირებდა.

რას აპირებენ დემონსტრანტები? აქციები გაგრძელდება თუ სხვა ნაბიჯებიცაა დაგეგმილი?

ამ აქციებს აქვს დინამიკა. თავდაპირველად ხალხი სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად გამოვიდა ქუჩაში. მოქალაქეები სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობას იცავდნენ. ხალხის მოთხოვნა იყო, რომ ბაბიშის საქმე მიუკერძოებლად გამოეძიათ, მაგრამ ახლა ისინი უკვე ითხოვენ ჩეხეთის მთავრობის მეთაურის გადადგომას. საზოგადოების ზეწოლა იზრდება. მომავალ კვირას დაგეგმილია მასშტაბური აქცია, რომელშიც 300 000-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობას ელოდებიან. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ჩეხეთის „ხავერდოვან რევოლუციას“. თუმცა, ვიცით, რომ მხოლოდ ქუჩაში არაფერი წყდება. საზოგადოების ზეწოლის პარალელურად აუცილებელია ოპოზიციამაც იმოქმედოს. აუცილებელია პოლიტიკური გამოსავლის პოვნა. მოქალაქეების უკმაყოფილება უკვე ნათლად გამოჩნდა. ჩემი პროგნოზით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს მოუწევს გადადგომა.

თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა. იქნებ მოქალაქეებს პროტესტი არა პარტიის, არამედ მხოლოდ ბაბიშის მიმართ აქვთ?

პრობლემა ისაა, რომ ბაბიში პოლიტიკურ პარტიას კერძო კომპანიასავით მართავს. მის პარტიაში დემოკრატიული მმართველობა არ არის. ყველაფერს ერთი ადამიანი – ბაბიში წყვეტს. ამიტომ, ახლა არ ჩანს კონკრეტული პიროვნება, რომელიც პარტიაში მის ჩანაცვლებას შეძლებს. ტრადიციულად მიღებულ სისტემაში, თუ პარტიის ლიდერი კორუფციაშია გარეული, მას ცვლიან, მაგრამ პარტიაში, რომელიც კერძო კომპანიასავით იმართება, ძალიან რთულია კომპანიის მფლობელის შეცვლა. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე ჩეხეთში.

ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ოპოზიციური პარტიები თუ მონაწილეობენ?

პრაღაში აქციების ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობაა. პარლამენტში ოპოზიციური პარტიები არიან წარმოდგენილი, თუმცა, ისინი ძალიან დაყოფილები არიან. ახლა საკანონმდებლო ორგანოში ხუთი-ექვსი ოპოზიციური პარტიაა, ისინი შედარებით სუსტები არიან იმისთვის, რომ გაერთიანდნენ და ბაბიშს ერთიანი და ძლიერი პასუხი გასცენ. თუმცა, ისინი მაინც ხვდებიან, რომ აუცილებელია გაძლიერება და იმედი მაქვს, მომავალ არჩევნებზე ასეც მოხდება.

ანუ, ახლა პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას აზრი არ აქვს?

სამთავრობო კოალიციაში შემავალი მცირე პარტიები ჯერ კიდევ უჭერენ მხარს პრემიერ-მინისტრს. ვიდრე ეს ასეა, ოპოზიცია საკმარისი რაოდენობით ხმებს ვერ დააგროვებს. ამჟამად ამ საკითხზე ოპოზიციასა და კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პროგნოზირება რთულია. ბაბიში იოლად არ დანებდება. თუმცა, მჯერა რომ ჩეხებს არ სურთ, რომ აქ მოვლენები უნგრული სცენარით განვითარდეს, სადაც პრემიერ-მინისტრი ორბანი მართავს მთელ ქვეყანას. ჩეხეთს დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს და მჯერა, სისტემური ცვლილებები მოხდება.

მიმდინარე მოვლენებზე პრეზიდენტს რა პოზიცია აქვს?

ძალიან რთული კითხვაა. დღეს ძალიან სპეციფიკური პრეზიდენტი გვყავს. რეალურად პრეზიდენტი ჩეხეთში ცერემონიალური ფიგურაა და ძალაუფლება არ აქვს, მაგრამ კრიზისულ სიტუაციებში მას შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი. მაგალითად, პრეზიდენტს შეუძლია ახალი პრემიერ-მინისტრის დასახელება ან რიგ შემთხვევაში ქვეყნის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება და ამ მთავრობის მართვა. დღეს კი ჩვენ ძალიან სპეციფიკური პრეზიდენტი გვყავს, რომელსაც ახლო კავშირი აქვს რუსეთთან და ჩინეთთან. ის ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩეხეთის ევროკავშირში წევრობის საკითხსაც კი. მისი მოქმედებები ძალიან არაპროგნოზირებადია. პრეზიდენტმა გააფორმა ერთგვარი არაფორმალური შეთანხმება პრემიერ-მინისტრ ბაბიშთან, რომელიც ორივეს აწყობდა. თუმცა, ზემანი პრაგმატული პოლიტიკოსია და თუ მან დაინახა, რომ ბაბიშს პრობლემები აქვს, მას იოლად გაწირავს.

და ბოლოს, რას ითხოვს ევროკავშირი და რისი გაკეთება შეუძლია?

ევროპის პოლიტიკა კომპრომისებზეა აგებული, ამიტომ ძალიან რთული იქნება ერთ-ერთი წევრი ქვეყნისთვის ხელის კვრა ან კანონის უზენაესობის პრინციპის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. მათ შეუძლიათ ევროკავშირის ფონდებიდან ფულის გამოყოფა შეწყვიტონ. ბრიუსელი ასე მოექცა რუმინეთს და ბულგარეთს. მათ ასევე შეუძლიათ წამოიწყონ პროცედურა, რაც ჩეხეთისთვის ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლების შეზღუდვით დასრულდება. ასე იყო უნგრეთის და პოლონეთის შემთხვევაში, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა, ამიტომ ასეთი რამ არ მოხდება. ერთადერთი, რაც ევროკავშირს შეუძლია, ეს არის საჯაროდ დაგმოს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ქმედებები და მოითხოვოს მათი ფონდებიდან ფულის არამიზნობრივი ხარჯვის შეწყვეტა.