დევიდ მაკალისტერი - საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც საქართველოში ჩატარდა, გააღრმავა შეშფოთება ამ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ
საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც საქართველოში ჩატარდა, გააღრმავა შეშფოთება ამ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ისტორიული შესაძლებლობის გამოყენების ნაცვლად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რამდენიმე სადავო კანონი, რომლებიც სულისკვეთებითა და შინაარსით ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს. ამის პირდაპირი შედეგის სახით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაიყინა. საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც საქართველოში გასულ თვეს, 26 ოქტომბერს ჩატარდა, კიდევ უფრო გააღრმავა შეშფოთება ამ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
ევროდეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაცია გაგზავნა.
„ჩვენმა წევრებმა მთელი რიგი ხარვეზების შესახებ ისაუბრეს, მათ შორისაა ხმის მიცემის ფარულობის ნაკლოვანება, ამომრჩეველთა დაშინება და ზეწოლა… ასეთი შეფასება კანდიდატი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია და მნიშვნელოვან შეკითხვებს აჩენს. რა იქნება ამის შემდეგ საქართველოსთვის და რა არის მისი მომავალი ევროინტეგრაციის გზასა და ჩვენს ურთიერთობებზე? და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ჩვენს ურთიერთობებში? ამ საკითხის მნიშვნელობა ევროპარლამენტისთვის კიდევ უფრო ხაზგასმული იყო გასულ კვირას, როდესაც ჩვენ გავმართეთ პლენარული დებატები საქართველოს გაუარესებულ დემოკრატიულ კრიზისზე ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მოსალოდნელია, რომ ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას ამ საკითხზე მომდევნო პლენარულ სესიაზე სტრასბურგში“, – აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.