დევიდ მაკალისტერი - დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე
ევროპარლამენტის წევრები სიამოვნებით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ჩვენს ოჯახში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ევროკავშირი ყოველთვის ძალიან აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია. ის, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი ხელმძღვანელობს და პირადად არის ჩართული ამ პროცესში, უკვე თავისთავად აჩვენებს უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული საბჭოსგან. პრეზიდენტო, თქვენც ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეთ და ყველა მხარეს მოუწოდეთ ერთიანობისკენ, რაც ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში. ჩვენ დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, სამოქალქო ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს თავიანთი იდეები. ეს ასახავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც ყველას მიერ გაზიარებულ მიზანს“, – აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.
მისი თქმით, სურს, კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი ევროპარლამენტის პოზიციას, რომ ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, განსაკუთრებით კი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საბაზრო ეკონომიკის სფეროებში.
„ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და იგი არ არის რამე ვაჭრობის საგანი. საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, იმსახურებს, რომ იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში. ევროკავშირი ძალიან განუყოფლად არის დაკავშირებული მშვიდობასთან, სტაბილურობასა და კეთილდღეობასთან. 2012 წელს ევროკავშირმა ნობელის პრიზიც კი მიიღო, რომ მან ექვსი ათეული წლის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში. სწორედ ამიტომ უნდა სულ უფრო და უფრო ბევრ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ჩვენი ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობა გახლავთ ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი ასახვა. საქართველომ თავის კონსტიტუციაში ასახა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიზანი და ამას აქვს უდიდესი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. ახლა ევროპარლამენტის წევრები სიამოვნებით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ თქვენი ქვეყნის გაწევრიანებას ჩვენს ოჯახში“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.