დევიდ ლემი - უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება, შესაძლოა, ზამთრის დაწყებამდე იყოს მიღებული
უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება, შესაძლოა, ზამთრის დაწყებამდე იყოს მიღებული, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„წინ ასევე არის „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა. ველოდები, რომ მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში ჩვენ მივიღებთ ძალიან ძლიერ პოზიციას უკრაინის ყველაფრით უზრუნველსაყოფად, რადგან ვუახლოვდებით მძიმე 2025 წლის ზამთარს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, დევიდ ლემი აცხადებს, რომ ქვეყნის დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 2025 წელს ვლადიმერ პუტინისთვის სიტუაცია გართულდება.
„მისი ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. მას ძალიან გაუჭირდება გაუმკლავდეს დანაკარგებისა და მსხვერპლის რაოდენობას, რომელიც განიცადა“, – თქვა ლემმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინის წარმატებებზე კურსკის ოლქსა და შავ ზღვაში.
„უკრაინამ უკვე შეძლო დაკარგული ტერიტორიების ნახევრის დაბრუნება, პუტინის განდევნა შავი ზღვიდან, შეტევა განახორციელა კურსკის ოლქში და იმედი მაქვს, შეინარჩუნებს ამ პოზიციებს. სინამდვილეში, სწორედ ახლა არის ის მომენტი,როდესაც დასავლეთმა უნდა აჩვენოს თავისი სიმამაცე და აბსოლუტური ერთგულება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.