დევი ტაბიძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტს, რომელიც თანმხლები დაავადებების გამო უმძიმეს მდგომარეობაშია, ორჯერადი კვლევით კორონავირუსი აღარ უფიქსირდება
რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 48 პაციენტი იმყოფება, მათგან 16 კოვიდდადასტურებულია.
თუმცა, მისივე თქმით, 14 პაციენტზე პირველადი ტესტის პასუხი არის უარყოფითი და მათ უახლოეს პერიოდში განმეორებით კვლევა ჩაუტარდებათ.
„ექვსი გამოჯანმრთელებული უკვე გავიდა კლინიკიდან, ასევე 11 პაციენტი იმყოფება ინტენსიურში და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი გვრჩება რეანიმაციაში, რომელიც არის უკიდურესად მძიმე, მაგრამ სტაბილურადაა და გაუმჯობესების ელემენტებიც გამოიხატება.
პაციენტი არის ძალიან მძიმე და დიდი ხანია, მასთან ვმუშაობთ. მას აქვს ფილტვის არტერიების ორმხრივი თრომბოემბოლია, ფილტვის ინფარქტი, ორმხრივი პნევმონია, დისტრეს-სინდრომი, იშემიური ინსულტი, მეოთხე ხარისხის გულის უკმარისობა, კოვიდ-დადებითი იყო დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა ორჯერ უკვე მივიღეთ უარყოფითი პასუხი და შესაბამისად, მას „კოვიდ-19“ არ აქვს, თუმცა როგორც ჩამოვთვალე, აქვს გართულებები და თანმხლები დაავადებები, ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პაციენტი, რომელიც გატარებულა ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა გარკვეული წარმატება და წინსვლა გვაქვს. ხვალ ჩვენ სავარაუდოდ 10-12 პირის სინჯს გავაგზავნით ლაბორატორიაში და მივიღებთ ტრადიციულად დღის ბოლოს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.