დევი ტაბიძე - მოქალაქეებს არათუ ვაქცინაციაზე, პრეტენზია აქვთ ნიღბის ტარებაზეც, რომელიც სულ მცირე ერთი წელი მაინც მოგვიწევს
დევი ტაბიძე - მოქალაქეებს არათუ ვაქცინაციაზე, პრეტენზია აქვთ ნიღბის ტარებაზეც, რომელიც სულ მცირე ერთი წელი მაინც მოგვიწევს

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის განცხადებით, ქვეყანა „ომიკრონის“ გავრცელების პიკურ პერიოდში იმყოფება.

მისივე თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დაიწყებს კლებას.

„მატების მაქსიმალური ციფრის წარმოდგენა რთულია, მაგრამ ის 20 000-ს არ გასცდება, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ამ 20 000 შემთხვევაში სწორად წარვმართოთ მისი მენეჯმენტი, სწორად იქნას გადანაწილებული პაციენტთა რაოდენობა როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ზაფხულის პერიოდი იყო და მაქსიმალური მაჩვენებელი 7 000-მდე ავიდა, მოხერხდა ჰოსპიტლის მართვა. ამ შემთხვევაში საველე ჰოსპიტლის შექმნის არანაირი აუცილებლობა არაა.

რაოდენობა თუ გაიზრდება, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალს გაუჭირდება. თვითონ სამედიცინო პერსონალის ძალიან დიდი რაოდენობაა დასნებოვნებული და ამასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ, რომ ადამიანური რესურსები სწორად იქნას გადანაწილებული. დეფიციტი არ არის, ჩანაცვლებები ხდება სარეზერვო სამუშაოების და გრაფიკების მიხედვით, ჯერჯერობით ეს რეგულირდება, მაგრამ თუ რაოდენობა ძალიან გაიზრდება, არსებული კადრებით ცოტა გაძნელდება მისი მართვა“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

დევი ტაბიძე ამბობს, რომ მოსახლეობამ ვირუსებთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლოს.

„ომიკრონმა“ თავისი ახალი წესები შემოგვთავაზა, „ომიკრონი“ არ არის კოვიდინფექციის წერტილი. მოსახლეობამ არ მიიღოს, თითქოს ჩვენ რაღაც ახალს ველოდებით და გართულებებზე ვსაუბრობთ. ყველა ვირუსი, რომელიც მთელ დედამიწაზე დღევანდელ დღემდე მრავალი საუკუნის მანძილზე გავიარეთ, პრაქტიკულად ჩვენს ორგანიზმში არსებობს და ჩვენ მათთან ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და თანაცხოვრება ამ ვირუსებთან ერთად“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

დევი ტაბიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს ნიღბის ტარების, სოციალური დისტანციისა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.

„რაც შეეხება ნიღაბს, ნიღბის ტარებაზეც კი პრეტენზიაა, არათუ ვაქცინაციაზე, რომელიც გადარჩენის ერთადერთი გზა არის. ნიღბის ტარება სულ მცირე ერთი წელი მაინც მოგვიწევს. რეალურად, ნიღაბი და სოციალური დისტანცია არის ასეთი ტიპის ვირუსების ერთადერთი საკონტროლო და გადარჩენის გზა“, – აღნიშნა დევი ტაბიძემ.

გარდა ამისა, დევი ტაბიძემ ისაუბრა იმ შემთხვევაზე, როდესაც ოჯახში რამდენიმე წევრია სიმპტომიანი, თუმცა მხოლოდ ერთი იკეთებს ტესტირებას.

„მაგალითად, თუ ოჯახი არის 4-წევრიანი, ოთხივე არის სიმპტომიანი, ერთი წევრი იკეთებს გამოკვლევას და თუ მას დაუდასტურდა, დანარჩენებიც თვლიან, რომ დადებითები არიან. ეს ძალიან დიდ აცდენას გვაძლევს სტატისტიკურ მონაცემებში. ასეთი ტიპის ოჯახები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შემთხვევები არის ერთი-ოთხზე. ანუ, თუ ვამბობთ, რომ დაინფიცირებული არის 25 000, გვაქვს რეალური შემთხვევა 100 000, რომელიც ბინაზე მკურნალობს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.