დევი მეზურნიშვილი - მე და ჩემს ოჯახს პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მშენებარე ბინა თბილისში
თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ეკოსერვისის“ თანამშრომელს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნიდან დაშავებული ბავშვები ამოიყვანა, მშენებარე ბინა გადასცა, – ამის შესახებ მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემს ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება. წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქმიანობდი. არ დამიმალავს და გულწრფელად ვუპასუხე ყველას. მართალი გითხრათ არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა, სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა არ გამეხმაურებია ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ. სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც“, – წერს მეზურნიშვილი.