სააკაშვილის გზავნილია, მაქსიმალურად მოხდეს ხმების მობილიზება, მაქსიმალურად მივიდეთ და გავაკეთოთ სწორი არჩევანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დევი ჭანკოტაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შიმშილობის მეოცე დღის მიუხედავად, სააკაშვილი მხნედ არის.
„დიდი სირცხვილია, რომ ასეთი კაცი ზის ციხეში პოლიტიკური მოტივით. სირცხვილია ყველასთვის და პირველ რიგში, ე.წ. „ქართული ოცნებისთვის“. ამ კაცის დამსახურება არის, რომ გვყავს თანამედროვე ჯარი და დემოკრატიული საქართველო, რომელსაც დიდი საფრთხე ემუქრება. ამიტომ გზავნილი არის, მაქსიმალურად მოხდეს ხმების მობილიზება, მაქსიმალურად მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი, რათა „ქართული ოცნება“ მოვაშოროთ ხელისუფლებას.
მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის მეოცე დღეა, ძალიან მაგრად გამოიყურება. მას ძალას აძლევს 14 ოქტომბრის მიტინგი. მისთვის ძალის მიმცემია, რომ უამრავი ადამიანი უჭერს მხარს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უთვლის ყველა გრამს და კოვზს, ის არის მხნედ. ჩემთვის უმაღლესი მთავარსარდალია, ეს არის ჩვენი, სამხედროების მედროშე და მედროშე გვყავს გმირი. დარწმუნებული ვარ, საქართველოში სიმართლე გაიმარჯვებს. ჰოსპიტალიზაციის საკითხზე საუბარს თავი ავარიდე, მაგრამ არის გამხდარი, 20 დღეა, შიმშილობს და ალბათ დადგება დრო, რომ ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.