დევი ჭანკოტაძე - მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ვინც დააჭერს ღილაკს თითს, ის გახდება გავრილოვიჩი
პარლამენტის სხდომაზე ვინც დააჭერს ხელს ღილაკს, რომ მელიას მოუხსნან იმუნიტეტი, ის გახდება გავრილოვიჩი და პირდაპირ ითამაშებს რუსულ თამაშს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დევი ჭანკოტაძემ განაცხადა.
ჭანკოტაძის თქმით, აფრთხილებს ყველას, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე ღილაკს თითს დააჭერენ.
„ნიკანორ მელიას დაჭერა არის უკანონობა, მარტო „ნაცმოძრაობაზე“ არაა საუბარი, მთელმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ თუ მიიღეს მელიას დაჭერის გადაწყვეტილება, ყველა დავუდგებით წინ ამ უკანონობას. რაც შეეხება გავრილოვს, მე როგორც ვიცი, გავრილოვი ჩამოიყვანა გავრილოვიჩმა, ანუ კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“. როგორ არის „ნაცმოძრაობის“ თამაში, როდესაც არის პირდაპირ „ოცნების“ თამაში. დღეს ვინც ღილაკს დააჭერს ხელს, იქნება გავრილოვიჩი. პირდაპირი კავშირი აქვთ ეტყობა ვოთსაფით, ვაიბერით, მობილური ტელეფონებით, ხან აქეთ აუწევენ ტონკასმ ხან იქით.
ნორმალური ადამიანი რომ უყურებს ტელევიზორს და მოისმენს გავრილოვის განცხადებას, მერე „ქართული ოცნების“ განცხადებას – ერთი და იგივეა. არ აწყობს პატრიოტი, ეროვნული ხალხი, უნდა, საქართველოში მონები ჰყავდეს, რუსეთის მონები და საქართველო გახდეს რუსეთის გუბერნია, აწყობს ამ კაცს და რით ვერ უნდა გაიგოს ამ ხალხმა“, – აღნიშნა დევი ჭანკოტაძემ.
ამასთან, სოზარ სუბარის განცხადებას, რომ „ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების ამოფარებას აპირებს“, – ჯანკვეტაძე ასე პასუხობს: „არავინ არაფერს არ აპირებს.უკანონო დაკავების გადაწყვეტილება თუ იქნა მიღებული სასამართლოს მიერ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს“.
რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, დევი ჭაკოტაძის განმარტებით, აქვს მოლოდინი, რომ ბევრი ხალხი შეიკრიბება.
„გამოვა ის ხალხი, ვინც პატრიოტია, ვინც არასდროს შეეგუება იმ 100 წლის წინანდელ ამბავს, რომელიც ახლა გრძელდება. ისევ გვიწევს საქართველოსთვის ბრძოლა, რომ არ გავხდეთ რუსეთის გუბერნია. მემგონი, ძალიან ბევრი ხალხი გამოვა“, – დასძინა დევი ჭანკოტაძემ.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყებაში განაცხადეს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის თაობაზე მიმართავდა. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს სწორედ ამ დღეს მიმართა.
პარლამენტი პროკურატურის მიმართვას ამწუთებში პლენარულ სხდომაზე განიხილავს. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.