დევი ჭანკოტაძე – კრიმინალი ყვავის, ხალხს ეშინია ქუჩაში გამოსვლის, განსაკუთრებით ქალბატონებს, ვიცი, ყველას გაქვთ ელექტროშოკები
ირაკლი კობახიძეს შეუძლია, ხვალ, დილიდან საღამომდე ჩემთან ერთად იაროს და ნახოს, რას და როგორ ვაკეთებ, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დევი ჭანკოტაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დამკვირვებლებს მოუწოდა, პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე.
მისივე თქმით, არავითარი აჯანყების და გადატრიალების მოწყობა არ იგეგმება.
„ირაკლი კობახიძეს შეუძლია, ხვალ, დილიდან საღამომდე ჩემთან ერთად იაროს და ნახოს, რას და როგორ ვაკეთებ. არავითარი აჯანყებები და გადატრიალებები. არ ვიცი, რა ელანდება ამ კაცს. ერთადერთი სიები შეიძლება იყოს ის, რომ რამდენიმე არასამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციამ ცესკო-ში რეგისტრაცია გაიარა. ისინი ჩვეულებრივი დამკვირვებლები არიან. მასში ჩვენი ვეტერანებიც შედიან, სხვა ხალხიც. მათი ერთადერთი ფუნქცია ისაა, რომ უბნებზე გაყალბება არ დაუშვან“, – განაცხადა ჭანკოტაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გაჩნდა ეჭვი იარაღზე, ხელკეტებსა და ელექტროშოკებზე, ჭანკოტაძე პასუხობს, რომ მას იარაღის ტარების უფლება კანონით აქვს. ამასთან, ჭანკოტაძემ დასძინა, რომ არჩევნების დღეს იარაღს სახლში დატოვებს.
„მე დაბადებიდან იარაღით დავდივარ, კანონი მაძლევს მაგის უფლებას და კობახიძეს ნაღდად არ შევეკითხები, ვატარო იარაღი თუ არა. რა თქმა უნდა, არჩევნების დღეს იარაღს დავტოვებ სახლში, რომ რაიმე ეჭვი არ გაუჩნდეთ. ვივლი როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე.
რაც შეეხება ელექტროშოკებს, როგორც ვიცი, ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება ელექტროშოკები. დღეს ისეთი სიტუაციაა, კრიმინალი ყვავის, ბოლოს თუნდაც რაც ზუგდიდიში მოხდა, თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა ადამიანები და დღესაც გარეთ დადის. ამიტომ ხალხს ეშინია ქუჩაში გამოსვლის, განსაკუთრებით ქალბატონებს. ვიცი, ყველას გაქვთ ელექტროშოკები“, – განაცხადა ჭანკოტაძემ.