Deutsche Welle - ლატვიაში საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტია ერთ-ერთი მოწინავეა
ლატვიაში საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტია ერთ-ერთი მოწინავეა, – ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
მემარცხენე-ცენტრისტული პარტია „ჰარმონია“ ბალტიისპირეთის ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკურად რუსი მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს. ისინი კი ლატვიის მოსახლეობის მეოთხედს წარმოადგენენ.
ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრორუსული პარტია საჭიროების შემთხვევაში წელს კოალიციის შესაქმნელად მოკავშირესაც იპოვის. ექსპერტები პარტია „ჰარმონიის“ შესაძლო მოკავშირედ პოპულისტურ პარტიას „ვის ეკუთვნის სახელმწიფო“ ასახელებენ.
გერმანული გამოცემის ცნობით, ლატვიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მოპოვებას მემარჯვენე კონსერვატიული პარტიაც მოახერხებს. მისი წევრები ქვეყანაში რუსული ენის დომინირებას მკაცრად ეწინააღმდეგებიან.
ლატვიის ოფიციალური ენა ლატვიურია, თუმცა რუსულ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილების შეტანას აქტიურად ცდილობენ.
ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ლატვიას ამჟამად მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია მართავს.
100-მანდატიან პარლამენტში სავარძლის მოპოვებისთვის დღეს 16 პოლიტიკური პარტია იბრძვის.