Des Moines Register-ის ახალი გამოკითხვის მიხედვით, კამალა ჰარისმა სამი პროცენტით გაასწრო დონალდ ტრამპს აიოვას შტატში, ტრამპის საარჩევნო კამპანიამ აღნიშნულ გამოკითხვას „აშკარა გადახრა“ უწოდა
Des Moines Register-ის ახალი გამოკითხვის მიხედვით, კამალა ჰარისმა სამი პროცენტით გაასწრო დონალდ ტრამპს აიოვას შტატში, ტრამპის საარჩევნო კამპანიამ აღნიშნულ გამოკითხვას „აშკარა გადახრა“ უწოდა

Des Moines Register/Mediacom-ის ახალი გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მოულოდნელად სამი პროცენტით გაასწრო დონალდ ტრამპს შტატში, რომელშიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტრამპმა ორჯერ გაიმარჯვა.

28-31 ოქტომბერს აიოვას შტატში 808 პოტენციური იამომრჩეველი გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგად ჰარისს 47% აქვს, ხოლო ტრამპს  – 44%. სექტემბერში ჩატარებულ ბოლო გამოკითხვაში დონალდ ტრამპი აიოვას შტატში ჰარისს ოთხი პროცენტული პუნქტით ასწრებდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ, Des Moines Register-ის გამოკითხვის თანახმად, აიოვას შტატში ქალ ამომრჩევლებს შორის კამალა ჰარისი ტრამპს 20 პროცენტული პუნქტით ასწრებს.

ამავე შტატში, ივნისში ჩატარებული გამოკითხვით, ტრამპი 18 პუნქტით ასწრებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც მაშინ დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატად ითვლებოდა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვაში 2016 წელს 9 პროცენტით გაიმარჯვა, ხოლო 2020 წელს – 8 პროცენტული პუნქტით.

ტრამპის საარჩევნო კამპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც Des Moines Register-ის გამოკითხვას „აშკარა გადახრა“ უწოდა. მათი განმარტებით, შაბათს გამოქვეყნებული ემერსონის კოლეჯის გამოკითხვა უფრო ზუსტად ასახავს აიოვას შტატის ამომრჩეველთა განწყობას.

1-2 ნოემბერს ჩატარებულმა ემერსონის კოლეჯის/RealClearDefense-ის გამოკითხვამ, რომელშიც იმავე რაოდენობის ამომრჩეველი მონაწილეობდა, მკვეთრად განსხვავებული შედეგი აჩვენა: ტრამპი ჰარისს 10 პუნქტით ასწრებს. აღნიშნულ გამოკითხვასაც 3-4-პროცენტიანი ცდომილება აქვს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.