საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან კობერიძე „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გახდა.
პარტიის ახალი წევრი პარტიის ლიდერებმა, მამუკა ხაზარძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს დღეს წარუდგინეს.
ლევან კობერიძის თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლებთან ღირებულებები აერთიანებს.
„მე შემოვუერთდი გუნდს, რომელსაც ქვია „ლელო“, რომელიც არის გუნდური თამაშის პრინციპზე აგებული და, რომლის მთავარი მიზანია, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გახდეს ხელმისაწვდომი ის შესაძლებლობები, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მინდა, გითხრათ, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური, ძლიერი ცენტრი. იმისათვის, რომ ეს ცენტრი იყოს რაც შეიძლება წარმატებული ჩვენი მოქალაქეებისათვის, ყველა ადამიანი, ვისაც გვინდა ერთობა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, უნდა დავდგეთ ერთად. ეს ალტერნატიული ცენტრი უნდა იყოს „ლელოში“ და „ლელოსთან“ ერთად.
ამ გუნდს ვაკვირდებოდი საკმაოდ დიდხანს, ისინიც თავის მხრიდან მაკვირდებოდნენ და ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
ლევან კობერიძემ გასული წლის პირველ მაისს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი გახდა. ამასთან, ივნისში ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ ახალი პლატფორმის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.