დეპუტატებს ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, ხელფასი დაექვითებათ ან ვიზიტებში მონაწილეობა შეეზღუდებათ
საქართველოს პარლამენტის წევრებს ეთიკის კოდექსის დაცვა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ დისციპლინური სანქციების გამოყენება მოხდება.
საკანონმდებლო ორგანოს ეთიკის კოდექსის პროექტი უკვე წარედგინა, რომელიც პარლამენტის წევრის სტატუსიდან გამომდინარე, მის ქცევას ადგენს და წესებს განსაზღვრავს, რომლებიც მან თავის საქმიანობაში, კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოს.
პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრისთვის ეთიკის წესების დაცვა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ.
ეთიკის კოდექსში გაწერილია ის მოთხოვნები, რომელიც პარლამენტის წევრმა უნდა დაიცვას. კერძოდ, პარლამენტის წევრი პატივს სცემს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და აღიარებს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისთვის.
ამასთან, პროექტით, პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს, არ იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც მიმართულია რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობებისკენ.
ასევე ეთიკის კოდექსით, პარლამენტის წევრმა პარლამენტის სხვა წევრებსა და მოქალაქეებს პატივისცემით უნდა მიმართოს. მან მოქალაქეებთან ურთიერთობისას, საჯარო გამოსვლებისას და საპარლამენტო დებატების დროს კორექტული ლექსიკა უნდა გამოიყენოს.
ამას გარდა, პროექტით, პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ ეთიკის კოდექსი ეთიკის საბჭოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც საკუთარი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე, კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს სწავლობს. პროექტით, ეთიკის საბჭოს შემადგენლობა ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება, რომლებიც გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში არ არიან. ამასთანავე, საბჭოში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.
რაც შეეხება დისციპლინურ სანქციებს, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი ეთიკის კოდექსს დაარღვევს, მას სარეკომენდაციო ბარათი, ან გაფრთხილება მიეცემა. ასევე, გათვალისწინებულია ხელფასის დაკავებაც (ხელფასის 10 პროცენტიდან – მაქსიმუმ 50 პროცენტამდე ოდენობით) და ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში).
პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე იმ დეპუტატების გვარები გამოქვეყნდება, რომლებმაც ეთიკის კოდექსი დაარღვიეს.
დოკუმენტის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი ეთიკის კოდექსის გაცნობის მიზნით, ყოველი ახალი მოწვევის დეპუტატებისთვის ტრენინგს უზრუნველყოფს.
საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ პროექტს სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომებზე დაამტკიცებს.