დეპუტატებმა პირველი ქვეითი ბრიგადა და ეროვნული თავდაცვის აკადემია მოინახულეს
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის ძალებში ვიზიტებს განაგრძობენ. საპარლამენტო ზედამხედველობის საქმიანობის ფარგლებში, უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პირველ ქვეით ბრიგადასა და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ.
კანონმდებლებმა პირველ ქვეით ბრიგადაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ბრიგადის შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. დეპუტატები ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებსა და ეკიპირებასაც გაეცნენ. სტუმრები საარტილერიო ბატალიონის ნაღმმტყორცნელთა ასეულის პრაქტიკულ მეცადინეობას ადგილზე დააკვირდნენ. მოგვიანებით კი, მათ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.
პირველი ბრიგადის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გადაინაცვლეს, სადაც აკადემიის სტრუქტურის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ. დეპუტატებმა აკადემიის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და იუნკერების სასწავლო პროცესს ადგილზე დააკვირდნენ.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა, დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, აინტერესებდა, როგორია ქართული ჯარის სულისკვეთება, დაკომპლექტება და შეიარაღება.
„პირველ რიგში მაინტერესებდა სულისკვეთება ჩვენი ჯარის, ჯარისკაცების, ჩვენი ოფიცრების, ჩვენი მეთაურების. რაშიც დავრწმუნდი, რომ მაღალი სულისკვეთებაა. მაინტერესებდა ჩვენი ჯარის დაკომპლექტება, მაინტერესებდა, როგორ დაკომპლექტდა პირადი შემადგენლობა, აგრეთვე შეიარაღება და ა.შ. ძალიან კმაყოფილი ვარ რაც ვნახე. კარგი ჯარია, კარგი სულისკვეთებაა და მზად არიან, ნებისმიერი საბრძოლო ამოცანა შეასრულონ“,- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალების ოფიცრები, სერჟანტები, რიგითები ძალიან კარგ პირობებში არიან.
„კვება იქნება, ფეხსაცმელი იქნება, ჩასაცმელი თუ ინფრასტრუქტურა, მართლაც შთამბეჭდავია. ამის მიუხედავად, ვუსურვებდი ჩვენ თავდაცვის ძალებს, რომ უფრო მეტი იყოს მათი დაფინანსება, უფრო მეტი იყოს მათი ხელფასები, მეტი იყოს შეიარაღება და აღჭურვილობა. ხოლო მოტივაცია და ინფრასტრუქტურა ისედაც ძალიან კარგი აქვთ“,- აღნიშნა ელისაშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, პირობები, რომელიც დეპუტატებმა ორივე ბაზაზე ნახეს, იმსახურებს უმაღლეს შეფასებას.
„საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ვეწვიეთ აღმოსავლეთ სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას, ასევე სამხედრო აკადემიას. მინდა, გითხრათ, რომ პარლამენტის თითოეული წევრი აღფრთოვანებულია ნანახით. ის პირობები, რომელიც ჩვენ ვნახეთ ორივე ბაზაზე, იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. აღფრთოვანებულები ვართ ასევე ორივე ქვედანაყოფის მეთაურების მომზადების მაღალი ხარისხით, კვალიფიკაციური ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობით. დავინტერესდი მათი ჩაცმულობით, მათი ბათინკის და აღჭურვილობის მდგომარეობით. ესენიც აბსოლუტურად მაღალ შეფასებას იმსახურებს. მქონდა პირადი საუბარი ჯარისკაცებთან. მათი მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ის პრობლემები, რომელიც მოვისმინეთ სულ ახლახანს გარკვეული სატელევიზო გადაცემებიდან, არ შეესაბამება იმ სიმართლეს და რეალობას, რომელიც ჩვენ დღეს ბაზებზე ვიხილეთ“,- განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.