დეპუტატების ეთიკის კოდექსს მიმდინარე სასესიო კვირაში უყრიან კენჭს
დეპუტატების ეთიკის კოდექსს მიმდინარე სასესიო კვირაში უყრიან კენჭს

დეპუტატების ეთიკის კოდექსს მიმდინარე სასესიო კვირაში უყრიან კენჭს. პარლამენტმა აღნიშნული ინიციატივა პირველი მოსმენით უკვე განიხილა.

პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრისთვის ეთიკის წესების დაცვა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ.

პროექტით, პარლამენტის წევრი პატივისცემით უნდა ექცეოდეს პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს, არ იყენებდეს სიძულვილის ენას, რომელიც მიმართულია რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობებისკენ.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, ეთიკის კოდექსი ითვალისწინებს საბჭოს შექმნას, რომელიც საკუთარი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე, კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს შეისწავლის.

„ეთიკის საბჭო დაკომპლექტდება პარლამენტის წევრებით და მასში წარმოდგენილი იქნებიან როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ ეთიკურ გადაცდომებს ექნება ადგილი, ეთიკის საბჭო იმსჯელებს გადაცდომების თაობაზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.