დეპუტატები რომან კაკულია და ლევან კობერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები რომან კაკულია და ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
კომიტეტის სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.
კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ლევან კობერიძეს მიმართა, დარწმუნებულია თუ არა, რომ სიღრმისეულად იცის კანონპროექტი და თუ იცის, რაზე საუბრობს.
„მგონია, რომ შენ არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ხარ ოთხი წელია და რა ხდება ეკონომიკაში, ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას, არც პასუხი მოგითხოვია არავისთვის. თუ ეგ ლაპარაკი გინდა, შემიძლია გავაგრძელო, მათ შორის გინდა ენერგეტიკა, გინდა ტელეკომუნიკაცია, რა პოლიტიკას ატარებ, თუ იცი“, – მიმართა ლევან კობერიძემ რომან კაკულიას.
კობერიძის ამ განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა და დეპუტატს წესიერად საუბრისკენ მოუწოდა.
„მორჩი ამ ბღვერებს და წესიერად ილაპარაკე. შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე, ძალიან მოხარულები ვართ ამ გამოღვიძებით. შენი პოლიტიკური ბულინგის არავის ეშინია. შენ შეაშინე, ვისაც შეშინებია, ის. დაწყნარდი, თუ ძმა ხარ, მორჩი ბოდიალს და პოლიტიკურ დემაგოგიას“, – მიმართა კაკულიამ კობერიძეს.
„მგონია, რომ ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ. დაყენებული სახით ლაპარაკობ, მიიღებ ერთ ალიყურს და ღირსიც იქნები. შენ ხარ უზრდელი და მაგისთვის მიიღებ, დემაგოგიც ხარ და მიიღებ მაღალ ალიყურს. ცოტა ღირსება შეინარჩუნე, თუ გვაქვს კიდევ ცოტა რესურსი“, – მიმართა ლევან კობერიძემ რომან კაკულიას.